რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებას, რომ სამხედრო ტყვეებისა და ცხედრების გადაცემა გადადო

უკრაინის საკოორდინაციო საბჭო სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებში
pravda.com.ua

უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინულმა მხარემ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა გადადო

უკრაინულმა მხარემ  განაცხადა, რომრუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ გაცვლის სიები რუსულ მხარეს გადასცა, რუსეთმა კი ისეთი სიები წარადგინა, რომლებიც შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ უკრაინამ რუსეთს შესაბამისი კომენტარები უკვე გადასცა და მათგან პასუხს ელოდება.

“ცხედრების რეპატრიაციას რაც შეეხება, ამაზე შეთანხმება ნამდვილად მიიღწია, თუმცა თარიღი არ იყო შეთანხმებული. შეთანხმებული ალგორითმის შემდგომი შესრულების ნაცვლად რუსულმა მხარემ ცალმხრივ ქმედებებს მიმართა, რომლებიც ერთობლივი პროცესის ჩარჩოებში არ შეთანხმებულა”. - წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, რომ ხელოვნური წინაღობები არ შექმნას და ცრუ განცხადებები არ გააკეთოს. სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინა კვლავ წააწყდა შეთანხმების შემდგომ შეთანხმების შეცვლის მცდელობებს. 

მანამდე, მედინსკი ირწმუნებოდა, რომ უკრაინამ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. მისივე მტკიცებით, 1212 ცხედრიდან პირველი პარტია გაცვლის ადგილას უკვე გაგზავნილია.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული  და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მათ განიხილეს უკრაინის შეთავაზება, რომ ივნისის დასასრულს ლიდერების შეხვედრა შედგეს. 

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის. 

კომენტარები