ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-მ სავაჭრო შეთანხმება "მძიმედ დაარღვია" და პეკინი საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრ ზომებს მიმართავს.
ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონმა "სერიოზულად დააზიანა" შეთანხმება, რომელიც გასულ თვეს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.
სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ქმედებები წინააღმდეგობრივია იმ შეთანხმებისა, რომელიც ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის იანვარში გამართული სატელეფონო საუბრისას იქნა მიღწეული.
აშშ-ს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრირმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩინეთმა არასატარიფო ბარიერები არ მოხსნა, როგორც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
ცნობისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფებს, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მოხსნიდნენ, რის ფარგლებშიც დამატებითი გადასახადები აშშ-მ 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი - 10%-მდე.
გარიგების ფარგლებში, ჩინეთი ასევე აშშ-ს წინააღმდეგ არასატარიფო ზომების "შეჩერებაზე ან გაუქმებაზეც" დათანხმდა.
ამას გარდა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო საკონსულტაციო მექანიზმის" შექმნაზეც შეთანხმდნენ, რათა "მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში საკითხებზე კომუნიკაცია იყოს შენარჩუნებული".
ამასთანავე, სამინისტრო ამბობდა, რომ მხარეები კონსულტაციებს რეგულარულად ან საჭიროებისამებრ გამართავდნენ, თუმცა მას შემდეგ მოლაპარაკებების შესახებ მხარეების მიერ საჯარო განცხადებები აღარ ყოფილა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა ჩინური კომპანიების მიერ ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებაზე.





