რუსეთი

მედია: რუსეთი ავიაციის, ტექნოლოგიებისა და ავტომრეწველობის პროგრამების ბიუჯეტებს ამცირებს

რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა Komersant-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა ნავთობისა და ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების შემცირების ფონზე ავიაციის, ავტომრეწველობის, ტექნოლოგიების, გემთმშენებლობისა და რობოტექნიკის ინდუსტრიების პროგრამებს დაფინანსებას უმცირებს.

საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში ავიაციის განვითარების პროგრამის დაფინანსება 22%-ით, $1.27 მილიარდიდან (101.2 მილიარდი რუბლი) $989 მილიონამდე (78.8 მილიარდი რუბლი) შემცირდება. 

ასევე მცირდება ხარჯები იმ პროგრამისთვის, რომელიც 2030 წლისთვის სამოქალაქო საქონლის წარმოების 40%-ით გაზრდას ისახავდა მიზნად. 2025 წელს აღნიშნული პროგრამა $840 მილიონით (66.9 მილიარდი რუბლი) ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს.

მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის განკუთვნილი დაფინანსება $577 მილიონით (46 მილიარდი რუბლი), ხოლო ავტომრეწველობისთვის $439 მილიონით (35 მილიარდი რუბლი) შემცირდება. გემებისა და გემთმშენებლობის წარმოების მხარდაჭერა კი $158 მილიონით (12.6 მილიარდი რუბლი) ნაკლები იქნება.

ინდუსტრიული რობოტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბიუჯეტის თითქმის მესამედს, $21 მილიონს (1.7 მილიარდ რუბლს) დაკარგავს.

რუსეთის სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა, Rosstat-მა, 16 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მკვეთრ შენელებას განიცდის, რაც გამოცემა Kyiv Independent-ის შეფასებით, დასავლური სანქციებით, ნავთობის ფასების ვარდნითა და ინფლაციით არის გამწვავებული.

სააგენტო Reuters-ის ანგარიშის მიხედვით, მაისის დასაწყისში რუსეთში ნავთობის ფასმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმალურ დონეს მიაღწია. ნავთობის ფასმა ბარელზე 50 დოლარზე დაბლა დაიწია, რაც დაახლოებით 40%-ით ნაკლებია, ვიდრე ბიუჯეტში იყო გათვლილი.

გამოცემა Bloomberg მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ იანვარსა და თებერვალში ნავთობისა და გაზის შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის თითქმის 30%-ს შეადგენდა.

კომენტარები