ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, ჯაფარიძის საქმე ეროვნულ დონეზე განხილვების შემდეგ შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიდეს.
ჩომახაშვილის თქმით, სასამართლომ ჯაფარიძეს ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა, ასამდე პოლიციელი წინასწარ იდგა სასამართლოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წინსწრებით იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
"გვექნება საშუალება, რომ ზურა [ჯაფარიძე] მოვინახულოთ გუშინდელს შემდეგ. საჭიროა გარკვეული დეტალების გარკვევა და განხილვა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ჩვენ მივიჩნიეთ შეთანხმებულად პროტესტის ნიშნად, რომ დაგვეტოვებინა დარბაზი, იმიტომ, რომ თავად ზურას მოსაზრება და ჩვენი მოსაზრებაც იყო, რომ აღარ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს იქ ყოფნა, იმიტომ, რომ სასამართლო განზრახ იქცეოდა არასამართლიანად და უკანონოდ და ეს იყო ძალიან ცხადი ყველასთვის იქ.
ამიტომ, ეს უნდა იყოს, მათ შორის, მესიჯიც და მოცემულობაც სხვა მოსამართლეებისთვის, რომ თუ გააგრძელებენ ასე მოქცევას, მე დარწმუნებული ვარ, სხვა ადვოკატებიც ასე მოიქცევიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში ჩვენი პროტესტის გამოხატულება. პრობლემა არ არის მხოლოდ, რომ სასამართლომ არ მისცა ზურა ჯაფარიძეს ადვოკატის ყოლის უფლება. პრობლემა ის არის, რომ მან ეფექტური დაცვის უფლება არ შესთავაზა მას და ჩვენ არ შეგვექმნა შესაბამისი გარემო და იქ, წარმოიდგინეთ, ასობით პოლიციელი წინასწარ იდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით პოლიციელმა იცოდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ დარღვევაა, ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითმა ოპერატიულმა მუშაკმა იცის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეს არის სირცხვილი სასამართლოსი, როცა ამოვწურავთ ეროვნულ დონეს, მაშინ შეიძლება, მივმართოთ ევროსასამართლოს, იმიტომ, რომ ჯერ აქ არსებული ეროვნული დონე უნდა ამოვწუროთ გასაჩივრების ნაწილში და რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიას შევიმუშავებთ და დეტალურად აგვივლით ზურასთან". - უთხრა ჩომახაშვილმა TV პირველს.
ცნობისთვის, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.





