ზურაბ ჯაფარიძის დაკავება

TI ჯაფარიძეზე: ოცნების მიზანია, ოპოზიცია ლიდერების გარეშე დატოვოს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნების მიზანია, რომ ოპოზიცია ლიდერების გარეშე დატოვოს.

"ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა - აქტივისტების პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრების ტენდენცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება დაემატა, სრულიად ახალ განზომილებაში  გადავიდა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურაბ ჯაფარიძეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ ჯაფარიძემ მისთვის მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.

ქართული ოცნების სტრატეგია ნათელია: მათი მიზანია, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში. ეს პროცესი ამ ე.წ. არჩევნებს სრულ ფარსად აქცევს". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

TI-ს განცხადებით, წულუკიანის კომისია ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონეა. 

22 მაისს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის, პატიმრობა შეეფარდა. ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს.

კომენტარები