2025 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის მომხრე კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის ახალი პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი
EPA-EFE

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა და ცენტრისტმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.

ამ დროისთვის დათვლილია უბნების 98.19% და ამჟამინდელი მონაცემებით, ევროკავშირის მომხრე ნიკუშორ დანს ხმების 54.25% აქვს, ხოლო პოპულისტ კანდიდატ სიმიონს 45.75%.

შედეგების მიუხედავად, სიმიონმა თავის მხარდაჭერებს მიმართა, რომ მისი პარტია "აშკარა გამარჯვებულია". "ჩვენ ამ გამარჯვებას რუმინელი ხალხის სახელით ვაცხადებთ." - თქვა მან.

მეტიც, ეგზიტპოლის გამოქვეყნებისთანავე, რომელიც პროგნოზირებდა, რომ სიმიონი ხმების 45.1%-ს აიღებდა, მისი მეტოქე ნიკუშორ დანი კი - 54.9%-ს, პოპულისტმა კანდიდატმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავს "რუმინეთის ახალი პრეზიდენტი" უწოდა, რასაც შეცდომით ჩადის რესპუბლიკის დროშა დაურთო.

38 წლის სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების გაწევას და საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ დახმარების ნაცვლად რუმინეთმა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. სიმიონს ასევე გაჟღერებული აქვს მოთხოვნა, რომ უკრაინამ რუმინეთს წარსულში გაწეული დახმარება უნდა აუნაზღაუროს.

სიმიონი საარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნავდა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერდა და ამბობდა, რომ რუმინეთს NATO-ს ფარგლებში აშშ-ს ძლიერ პარტნიორად აქცევდა.

თუმცა, სიმიონს წარსულში ასევე ნათქვამი აქვს, ვლადიმირ პუტინი "ომის დამნაშავეა". მან დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ხაზგასმული აქვს, რომ საჭიროა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ დაცული იყოს აღმოსავლეთ ევროპული იდენტობა.

საარჩევნო კამპანიის დროს სიმიონი ასევე აღნიშნავდა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერდა და ამბობდა, რომ რუმინეთს NATO-ს ფარგლებში აშშ-ს ძლიერ პარტნიორად აქცევდა.

თავის მხრივ, ნიკუშორ დანის საარჩევნო კამპანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო კონცენტრირებული და სიმიონის პოპულისტურ და იზოლაციონისტურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.

4 მაისს გამართულ პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტი კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 40,96% აიღო, ხოლო ნიკუშორ დანმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, ხმების 20,99%-ით, მეორე ადგილი დაიკავა.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს დაინიშნა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანდრეი ტარნემ განაცხადა, რომ გამოვლენილია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "რუსული ჩარევის" ნიშნები.


2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

ხსენებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე დამოუკიდებელი პრორუსული განწყობების მქონე კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ გავიდა. 

ის კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. იგი პლატფორმაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისადმი რუმინეთის დახმარებას და სკეპტიკურად არის განწყობილი NATO-სა და ევროკავშირის მიმართ.

ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმამ, შესაძლოა, ევროკავშირის ციფრული წესდება დაარღვია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რისკების გამკლავების პროცესში.

გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ TikTok-ზე "ინფლუენსერებმა", ჯამში, $381 000-ის ოდენობის თანხა მიიღეს პლატფორმაზე ჯორჯესკუს მხარდასაჭერად. 

ამასთანავე, 9 დეკემბერს რუმინეთის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ჩატარებულ კოორდინირებულ კიბერკამპანიასთან დაკავშირებით ფინურმა კომპანია Check First-მა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ 4 140 Facebook გვერდს საშუალება მისცა, ჯორჯესკუს მეტოქე ელენა ლასკონიზე თავდასხმითი ხასიათის პოსტები გამოექვეყნებინათ, ხოლო ჯორჯესკუსთვის პოპულარიზაცია გაეწიათ. 

მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კამპანია 160 მილიონამდე მომხმარებელს შეეხო და Meta-ს სარეკლამო პოლიტიკა დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მეშვეობით ეს თავდასხმები $176 000-დან $280 000-მდე დაჯდა.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, 4 მაისს დაგეგმილ არჩევნებში ჯორჯესკუ, სავარაუდოდ, ხმების 40%-დან 45%-მდე აღებას შეძლებდა, რაც მას რეალურ შესაძლებლობას მისცემდა, რუმინეთის პრეზიდენტი გამხდარიყო.

ბუქარესტის საარჩევნო ბიუროს სპიკერმა 9 მარტს განაცხადა, რომ ჯორჯესკუს კანდიდატურა ბათილად არის ცნობილი. ბიურომ ჯორჯესკუს კანდიდატურასთან დაკავშირებით 1 000-ზე მეტი სარჩელი მიიღო, რაც ძირითადად მის ანტიდემოკრატიულ და ექსტრემისტულ პოზიციებს ეხებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებას მალევე ჯორჯესკუ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუმინეთი ტირანიული მმართველობის ქვეშ იმყოფება.

G4Media-ს წყაროების ცნობით, ჯორჯესკუ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების სამიზნე იყო, რომლის ფარგლებშიც მას ფაშისტურ ორგანიზაციაში ჩართულობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადავო იდეოლოგიებისა და პირების, მათ შორის, იონ ანტონესკუს პოპულარიზაცია ედებოდა ბრალად. ხოლო Digi24-ის ინფორმაციით, მას ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდებაშიც ადანაშაულებდნენ.

26 თებერვალსვე პროკურატურამ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 5 ქვეყნიდან 27 პირს ეხება, 47 სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკების დროს გამომძიებლებმა შეიარაღება, საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით თანხა ამოიღეს, მათ შორის, €900 000-ის ოდენობის თანხა პოტრას სახლიდან.

G4Media-ს ინფორმაციით, საქმე ასევე ჯორჯესკუს დაცვის გუნდის უფროსს, ჰორაციუ პოტრას ეხება, რომელიც ასევე ყოფილი დაქირავებული მებრძოლია. რუმინული მედიის ცნობით, პოტრას წინააღმდეგ გამოძიება "ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ხასიათის ორგანიზაციის შექმნის ან დაარსების" საფუძველზე მიმდინარეობს.

პოტრა, რომელიც საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ყოფილი მებრძოლია, ცნობების მიხედვით, 900-კაციან რუმინელი სამხედრო კონტრაქტორების კონტინგენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც კონგოში იბრძოდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კავშირები რუსულ კსკ ვაგნერთანაც აქვს, თუმცა პოტრა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ამასთანავე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ სურათში პოტრა წინა წელს რუსეთის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუმინეთში რუსეთის ელჩის, ვალერი კუზმინის გვერდით ჩანს. რუმინული მედია ასევე წერს, რომ 2011 წელს პოტრას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს ნახევრადსამხედრო დაჯგუფების შექმნისთვის.

კომენტარები