CNN უკრაინული მხარის მიერ მოპოვებული რადიოგადაცემის ჩანაწერებს ავრცელებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკეცების მიერ დანებებული უკრაინელი ჯარისკაცების დახოცვის ბრძანება ისმის.
უკრაინული დაზვერვის წარმომადგენლის მიერ CNN-სთვის გადაცემული ჩანაწერები სავარაუდოდ გასულ წელს ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯის დრონით მოპოვებულ კადრებს ემთხვევა.
CNN-ს რადიოჩანაწერების ავთენტურობა დამოუკიდებლად არ დაუდასტურებია. აღნიშნულ მტკიცებულებებს ამჟამად უკრაინის პროკურატურა იძიებს.
დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ რადიოჩანაწერები და დრონით გადაღებული კადრები რუსეთის ძალების მიერ დანებებული უკრაინელი ჯარისკაცების შესაძლო დახოცვის სხვა აღწერილ შემთხვევებს შეესაბამება.
გაეროს ექსპერტის, მორის ტიდბალ ბინცის თქმით, ასეთი ქმედებები საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და როგორც წესი, ასეთი მასშტაბისა და სიხშირის მკვლელობები უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების ან თანხმობის გარეშე არ ხდება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის (СБУ) განცხადებით, ამ კონკრეტულ თავდასხმაში რუსეთის მე-5 გაერთიანებული არმიის 127-ე მოტომსროლელი დივიზიის "Storm"-ის დანაყოფი მონაწილეობდა. ამავე დანაყოფს უკავშირდება სხვა დანაშაულები, მათ შორის, ერთ-ერთი უკრაინელი ტყვის თავის მოკვეთა.
უკრაინის გენერალურ პროკურატურას 5 მაისის მდგომარეობით უკვე დაწყებული აქვს 75 გამოძიება, რომელიც 268 უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის შესაძლო მკვლელობას უკავშირდება. სტატისტიკის მიხედვით, ამ შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
პროკურორი იური ბილეუსოვი ამბობს, რომ ეს ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ შესაბამისი ინსტრუქციები რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოდის.