გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მომდევნო კვირას უკრაინა ევროკავშირს მიმართავს თხოვნით, რომ უფრო მკაცრი ნაბიჯები იქნას გადადგმული რუსეთის იზოლაციისთვის, მათ შორის, რუსული აქტივების კონფისკაციით და რუსული ნავთობის შემსყიდველ მხარეებზე სანქციების დაწესებით. გამოცემის თქმით, უკრაინამ ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადება გადაიფიქრა.
Reuters-ის მიერ ნანახ დოკუმენტში, რომლის შესახებაც აქამდე მედიაში ცნობები არ იყო გავრცელებული, უკრაინა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, უფრო აგრესიული პოზიცია დაიკავონ რუსეთის წინააღმდეგ.
40-გვერდიან რეკომენდაციებს შორის არის მოწოდება, რომ მიღებული იქნას კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარდება ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული ინდივიდების აქტივების კონფისკაცია. ხოლო დასანქცირებულმა პირებმა, უკრაინის გეგმით, კომპენსაცია რუსეთისგან უნდა ითხოვონ.
ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს უფრო ფართო გზა სანქციების აღსრულებისთვის, მათ შორის ბლოკის ტერიტორიის მიღმაც. ეს იმ უცხოური კომპანიების მიზანში ამოღებით უნდა მოხდეს, რომლებიც საკუთარ ტექნოლოგიას რუსეთს დასახმარებლად იყენებენ. ასევე უკრაინის პოზიციით, უნდა მოხდეს რუსული ნავთობის შემსყიდველ სუბიექტებზე "მეორადი სანქციების შემოღება."
უკრაინა ასევე მოუთხოვს, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება უბრალო უმრავლესობით მოხდეს, რათა ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლონ გარკვეული ზომების დაბლოკვა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო ზარის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ევროპელ ლიდერებს პუტინთან საუბრის დეტალები გააცნო, ევროპაში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მეშვეობით წნეხის გაზრდის დროა.
მოგვიანებით, 19 მაისს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო ზარის შინაარსი განიხილა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ გაზარდა მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ტრამპმა უპასუხა, რომ ამჯერად "რაღაცის მიღწევის" შანსი არსებობს, თუმცა მან სამომავლოდ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
"ჩემი აზრით, რაღაცის მიღწევის შანსი არსებობს და ამას თუ გააკეთებ, შესაძლოა, ბევრად გაუარესდეს, მაგრამ შეიძლება, მოვიდეს დრო, როცა ეს [სანქციების გაზრდა] მოხდება." - თქვა ტრამპმა.
20 მაისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტისა, ნავთობის ინდუსტრიისა და სამხედრო-სამრეწველო ძალისხმევის დასუსტებას ისახავს მიზნად. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა გაერთიანებულმა სამეფომაც.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო
-
UK-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომლის სამიზნეც სამხედრო და ფინანსური სექტორებია
სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში EU-მ სანქციები მსხვილი რუსული ნავთობკომპანიის, Surgutneftgaz-ის წინააღმდეგ შემოიღო.
ამასთან, მე-17 პაკეტი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მასშტაბურ სანქციებს ითვალისწინებს. EU სანქცირებულ რუსული ხომალდების სიას 189 გემს ამატებს, რის შედეგადაც სანქცირებული გემების რაოდენობამ ჯამში 342-ს მიაღწია.
გარდა ამისა, 16 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მზადება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, იგეგმება, რომ ახალი პაკეტით გათვალისწინებული იქნება გაზსადენების, Nord Stream-თან და Nord Stream 2-თან დაკავშირებით შეზღუდვები, ნავთობის ფასის დაწევა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ხომალდების სიის გაზრდა და ასევე რუსეთის ფინანსური სექტორის სანქცირება.