რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ქალაქი დატოვეს.
კრემლის განცხადებით, პუტინი კურსკში მოხალისეთა ორგანიზაციებს შეხვდა და რეგიონში არსებული ატომური ელექტროსადგური მოინახულა. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პუტინი შეხვდა ოლქის მოქმედ გუბერნატორ ალექსანდრ ხინშტაინსაც.
პუტინს თან ახლდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოც.
რუსეთის პრეზიდენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონი უკრაინული ძალებისგან სრულად "გაათავისუფლეს". მიუხედავად ამ განცხადებებისა, დამოუკიდებელი გამოცემები იუწყებიან, რომ კურსკის ნაწილებში უკრაინელი სამხედროები სამხედრო ოპერაციებს კვლავ აგრძელებენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციები რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის რეგიონში 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ოპერაციების პიკში უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის თითქმის 1400 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებდა.
კურსკის ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბურ შეჭრად ითვლება.





