გერმანია

FT: გერმანია ბირთვული ენერგიისადმი წინააღმდეგობის პოლიტიკას წყვეტს

Sean Gallup

Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანიამ ოფიციალურად თქვა უარი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით საკუთარი ხანგრძლივი წინააღმდეგობის პოლიტიკაზე.

გამოცემა ფრანგ და გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია აღარ დაბლოკავს საფრანგეთის მცდელობას, ევროკავშირის კანონმდებლობაში ბირთვული ენერგია განახლებადი ენერგიის წყაროებს გაუთანაბრდეს. 

"გერმანელები გვეუბნებიან, რომ ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით ძალიან პრაგმატულები იქნებიან". - განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა ფრანმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას. მისი თქმით, ყველა მიკერძოება, რაც ბირთვული ენერგიის მიმართ ჯერ კიდევ არსებობს მოიხსნება.

"ახლა საბოლოოდ მზად ვართ საფრანგეთთან ევროპისთვის ბირთვულ შეკავებაზე ვისაუბროთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". - აღნიშნა გერმანელმა მაღალჩინოსანმა.

გერმანიის ახალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა წარსულში მწვავედ გააკრიტიკა ბირთვული ენერგიიდან გადასვლის შესახებ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანგელა მერკელის მთავრობამ მიიღო. მერცის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ გერმანიას იაფი და საიმედო ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობა წაართვა.

Financial Times წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერცი არ გეგმავს ტრადიციული ატომური სადგურების ხელახალ გახსნას, მან პირობა დადო, რომ ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში, მათ შორის მცირე მოდულურ რეაქტორებში ჩადებს, რომლებიც გრძელვადიან ბირთვულ ნარჩენებს არ ტოვებენ.

ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც Financial Times გაეცნო, ბირთვული რეაქტორების მქონე 12 ქვეყნის მინისტრის წერს, რომ "აუცილებელია, ევროკავშირმა აღიაროს ბირთვული და განახლებადი ენერგიის წყაროების ურთიერთშემავსებელი ბუნება".

"იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ენერგეტიკული სუვერენიტეტი და პატივი ვცეთ ეროვნული არჩევანის უფლებას, ჩვენ მოვითხოვთ, დასრულდეს ევროკავშირის დონეზე ნებისმიერი დისკრიმინაცია დაბალნახშირბადიანი ენერგიების მიმართ, იქნება ეს ბირთვული თუ განახლებადი ენერგია". - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მერცის პარიზში ვიზიტის დროს.

კომენტარები