საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
ლევან დარახველიძე თბილისის 2014- 2017 და 2017- 2021 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო ქართული ოცნებიდან.
"სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
ასევე, სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი". - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი წერეთელი თანამდებობიდან 7 მაისს გადადგა.





