დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების 26-ე პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება ჯამში დაახლოებით 628.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
გრძელვადიან დახმარების პაკეტს, რომელიც 2025 წლიდან 2028 წლამდე არის დაგეგმილი, დანიის უკრაინის ფონდი და EU-ს ევროპის მშვიდობის ფონდი აფინანსებს.
დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პაკეტის ფარგლებში დაფინანსება გამოეყოფა ჩეხეთის ინიციატივას და უკრაინას დამატებით საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადაეცემა.
გარდა ამისა, დანია უკრაინას სამხედრო თვითმფრინავების აღჭურვილობას გადასცემს, წვრთნებში მხარდაჭერას გააფართოებს და სხვა სახის დახმარებასაც მიაწოდებს.
"სამწუხაროდ, უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის საჭიროება არ შემცირებულა. მე მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ კვლავ შეგვიძლია სახსრები გამოვყოთ დახმარებისთვის, რომელსაც საბრძოლო ველზე მნიშვნელობა ექნება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გადმოსახედიდან". - თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა.
2023-2028 წლებისთვის დანიას უკრაინის დახმარებისთვის დაახლოებით 6.386 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.





