ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

პოლოლიკაშვილი: არ ველოდი ასეთ ისტერიკას, ამდენ ტყუილებს, ამდენ ჭორაობას

ზურაბ პოლოლიკაშვილი
Embassy of the Islamic Republic of Afghanistan - Madrid

დიპლომატმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ოცნებამ მასთან შეუთანხმებლად მიიღო და ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ მესამე ვადით პოლოლიკაშვილის არჩევა არადემოკრატიული იყო - ტყუილია.

"პირველ რიგში, არ ველოდი, სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ ისტერიკას, ამდენ ტყუილებს, ამდენ ჭორაობას. მე გზაში ვიყავი გუშინ, როდესაც, 24 საათის განმავლობაში, ასეთი ამბავი ატყდა და ეს ვერსია არ არის ერთი, არის სამი თუ ოთხი განსხვავებული ვერსია და მინდა, რომ ქრონოლოგიურად გავყვეთ. [...]

[...] პირველი მიზეზი და მინდა დავაკონკრეტო რა, ეს არ არის ჩემი არ დაჭერა და სხვისი მხარდაჭერა, ეს არის ჩემი კანდიდატურის გამოტანა რა, ანუ მე აღარანაირი შანსი აღარ მქონდა და აღარ მაქვს, რომ მივიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. ეს ერთი.

პირველი მიზეზი დასახელდა ის, რომ ეს იყო ჩემთან შეთანხმებული. და გუშინვე ვთქვი, რომ ეს იყო ტყუილი. არავის არ შეუთანხმებია, მოდი რა ზურა გამოვიტანოთ შენი კანდიდატურა იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ეს არის, რა ვიცი, პრიორიტეტი თუ სახელმწიფოებრივად, ამაზე მერე გადავალ, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, პრიორიტეტი.

მერე ამას მოჰყვა მეორე ტყუილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე მესამე ვადით არჩევა იყო არადემოკრატიული. გენერალურმა ასამბლეამ, 80 ქვეყანა 25-ის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე იყო სამსაათიანი დიდი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად რეზოლუცია მიიღეს, რომ 80 ქვეყანა იყო მსოფლიოდან და მოწინააღმდეგეები, ძირითადად, იყვნენ, ევროკავშირის ქვეყნები და, ახლა ელჩებზეც გადავალ,რომ ჩემი მონაწილეობა და მესამე ვადით არჩევა იყო დემოკრატიული. და დამტკიცდა ეს, რეზოლუცია არსებობს და ეს ჩემი სურვილი და მოგონება არ არის. [...]

[...] უზბეკეთის მერი იყო, სხვათა შორის, რომელიც ბოლომდე მხარში მედგა და საქართველოს მთავრობაც მაშინ მხარში მედგა და ძალიან აიტაცა ეს იდეა და ზუსტად ამის საფუძველზე, სწორედ ამ პრემიერმინისტრის მიერ იყო ეს წერილი ჩემი წარდგენის, 3-4 თვის წინ. 25 თუ 24 იანვარს შევიტანე წერილი, ერთადერთი ეს წერილი მჭირდებოდა პრემიერ-მინისტრისგან იმ მომენტიდან, რომ ჩემი კანდიდატურა წარმომედგინა. ესე იგი თუ ეს იყო არადემოკრატიული და ეს იყო არასწორი ან, არ ვიცი, არასახელმწიფოებრივი ქმედება, მაშინ რატომ მაძლევდა ხომ ამ წერილს. ეს ლოგიკურია". - თქვა პოლოლიკაშვილმა.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს". - ნათქვამია ოცნების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 13 მაისს ონლაინ გამოცემა The Diplomat წერდა, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმი სავარაუდოდ აპირებს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას მხარი არ დაუჭიროს.

The Diplomat-ის წყაროების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილის რეჟიმი თანამდებობაზე საამიროების კანდიდატის, შაიხა ალ ნოვაისს, მხარდაჭერას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით "გაეროს სისტემაში პრეცედენტი" დააწესა.

ონლაინ მედიის მიხედვით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

კომენტარები