ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ოცნებამ გაეროში პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს საამიროების კანდიდატს დაუჭერს

ზურაბ პოლოლიკაშვილი
Embassy of the Islamic Republic of Afghanistan - Madrid

ადმინისტრაციის ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველო მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.

"გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს". - ნათქვამია ოცნების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 13 მაისს ონლაინ გამოცემა The Diplomat წერდა, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმი სავარაუდოდ აპირებს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას მხარი არ დაუჭიროს.

The Diplomat-ის წყაროების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილის რეჟიმი თანამდებობაზე საამიროების კანდიდატის, შაიხა ალ ნოვაისს, მხარდაჭერას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით "გაეროს სისტემაში პრეცედენტი" დააწესა.

ონლაინ მედიის მიხედვით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

კომენტარები