"ჯერ ერთი, თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის, ძალიან სამწუხაროდ" - ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხავიერ ბეტელის განცხადებაზე.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხავიერ ბეტელს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ კითხვა Euroscope-მა დაუსვა.
"მე ძალიან ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება.
იმ დღეს, როცა გადავწყვიტეთ, რომ მათ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი, მათ გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. ეს რთულია, ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ის საკითხი, თვეების, წლების განმავლობაში ამბობდნენ რომ უნდათ იყვნენ ახლოს ევროპასთან და დღეს, როცა ვთქვით, მოდით დავიწყოთ, როგორც ფრანგები ამბობენ, თაფლობის თვე, მათ გაშორების პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია.
ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები, თუ ისინი წავლენ არასწორი გზით, იმაზე მეტად დაშორდებიან ევროპულ მომავალს, ვიდრე შარშან ამ დროს. ეს ჩემი პერსონალური აზრია" - თქვა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.