რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

FT: უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში, EU რუსეთზე ტარიფებსა და კაპიტალის კონტროლის ზომებს ამზადებს

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ტარიფებსა და კაპიტალის კონტროლის ზომებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას, რომელიც ბრიუსელმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემოიღო.

ხუთი მაღალჩინოსნის თქმით, ევროკომისიამ წევრი სახელმწიფოების მთავრობებს აცნობა, რომ სანქციების დიდი ნაწილი, მათ შორის €200 მილიარდის გაყინული რუსული აქტივები, შესაძლოა, განსხვავებულ სამართლებრივ საფუძველზე იყოს გადატანილი, რათა უნგრეთის ვეტოსგან თავის არიდება მოხდეს.

აღნიშნული სამზადისი იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა ევროკავშირმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის შენარჩუნების პირობა დადო მაშინ, როცა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუმცა, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი გამუდმებით აფერხებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ნათქვამი აქვს, რომ ვეტოს დაადებს ეკონომიკური შეზღუდვების გახანგრძლივებას, რასაც ვადა ივლისის ბოლოს ეწურება. აღნიშნული შეზღუდვები საიმპორტო აკრძალვებსა და ენერგოსექტორში ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

Financial Times-ის მიხედვით, ალტერნატიული გზით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხოლოდ უმრავლესობა იქნება საჭირო სანქციების გასახანგრძლივებლად. მაღალჩინოსნების თქმით, კომისიამ ბოლო კვირებში შესაძლო ვარიანტებად ტარიფების მსგავსი სავაჭრო ზომები და რუსეთში ფულის შედინებაზე კაპიტალის კონტროლის ზომები განიხილა. 

კომენტარები