რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია" - თქვა მან
პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას პუტინის 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებაზე რეაქცია არ ჰქონია.
"[პუტინმა] რამდენიმე დღის წინ სამ დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. რაიმე რეაქცია კიევის მხრიდან მოისმინეთ? არა, არც ჩვენ. გსმენიათ კრიტიკა კიევის მისამართით იმის გამო, რომ მას პასუხის გაცემა შეუძლია ან არ სურს პასუხის გაცემა? არა. თუ კიევს ცეცხლის შეწყვეტა სურს, რატომ არ წყვეტს ცეცხლს სამი დღით მაინც?" - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
10 მაისს კიევში გაერთიანებული სამეფოს,საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ჩავიდნენ.
"აშშ-სთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დაეთანხმოს სრულ და უპირობო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის" - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არის სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში, მინიმუმ 30 დღით, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება" - აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, ამან შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზა გაუხსნას.
მანამდე, 9 მაისსაშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს.
"განვიხილეთ მშვიდობის მისაღწევად განგრძობადი ძალისხმევის საჭიროებაც, მათ შორის, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამისთვის უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ტრამპმა შეკითხვები დასვა ბრძოლის ველზე მიმდინარე სიტუაციის შესახებ და მე მას მოკლედ გავაცანი ეს.
ასევე შევატყობინე, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, დღეს რომც დაიწყოს. ჩვენ რუსეთს ველოდებით, რათა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას". - დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ თქვა, აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. მისივე თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფს.
"აშშ იდეალურ შემთხვევაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა ამ პირდაპირი მოლაპარაკების პატივისცემაზე პასუხს აგებს. თუ ცეცხლის შეწყვეტა დაცული არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ". - წერს ტრამპი.
რუსეთის პრეზიდენტმა, გამარჯვების დღის მე-80 წლისთავისთვის 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა.
ამის მსგავსად პუტინმა ზავი 20 აპრილს სააღდგომოდაც გამოაცხადა, თუმცა, უკრაინული მხარის ცნობით, პუტინის მიერ გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთმა იერიშები გააგრძელა, დრონებით თავდასხმები გააორმაგა და მძიმე შეიარაღების გამოყენება გააძლიერა.
პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მას დაუყოვნებლივ უპირობო, მინიმუმ 30 დღით, სრულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
"ჩვენთვის ძვირფასია სიცოცხლე და არა აღლუმი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, სამყაროს მიაჩნია, რომ 8 მაისის ლოდინის საბაბი არ გვაქვს.
ცეცხლი უნდა შეწყდეს არა რამდენიმე დღით, რომ ისევ განახლდეს, არამედ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ – მინიმუმ 30 დღით". – თქვა ზელენსკიმ.