პაკისტანის მიერ კონტროლირებული ქაშმირის რეგიონის პრემიერმინისტრმა, ჩაუდრი ანვარულ ჰაქმა თქვა, რომ 9 მაისის ღამით ინდოეთის მიერ საზღვარზე მიტანილ იერიშებს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ, როგორც CNN იტყობინება, მან რეპორტიორებთან ილაპარაკა.
"ინდოეთს არტილერიით მშვიდობიანი მოსახლეობა განზრახ აქვს მიზანმში ამოღებული. [...] პაკისტანის არმიამ მტკიცე პასუხი გასცა". - თქვა რეგიონის პრემიერმინისტრმა.
რეგიონის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ვითარება "ახლა საომარ სიტუაციაში გადაიზარდა" და დაამატა, რომ "მთავარი დარტყმა" საზღვართან მდებარე დასახლებებზე მოდის.
ანვარულ შაქის თანახმად, ქაშმირში ინდოეთისა და პაკისტანის დე ფაქტო გამყოფ საზღვარზე, ე.წ. კონტროლის ხაზთან მდებარე ტერიტორიებიდან, სულ მცირე, 510 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ცოტა ხნით ადრე, ინდოეთში ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა, ომარ აბდულამ თქვა, რომ ქალაქ ჯამუში აფეთქებების ხმა ისმის და ელექტროენერგიის მიწოდება შემწყდარია.
ამასთან, CNN ადგილობრივ მცხოვრებებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანის მოსაზღვრე პუნჯაბის რეგიონში, ქალაქ პატანკოტში აფეთქებების ხმა ასევე ისმის და ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეჩერებულია.
ცნობისთვის, დღეს ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 და 9 მაისს ინდოეთის დასავლეთ საზღვარზე მრავალი მიმართულებით დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით იერიში მიიტანეს.
მანამდე, 7 მაისის დილის საათებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
პაკისტანის მტკიცებით, იერიშზე საპასუხოდ ინდოეთის არმიის ხუთი ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის არმიის სპიკერმა და დიპლომატიურმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის სამი ფრანგული Rafales ტიპის ავიაგამანადგურებელი და ორიც რუსული თვითმფრინავია.
პაკისტანის თქმით, იერიშის ფარგლებში ინდოეთის მხრიდან გაშვებული რაკეტები სამ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი იერიშები" მიიტანეს "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" პაკისტანსა და ქაშმირის რეგიონში, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს.
პაკისტანის არმიის სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ინდოეთის მხრიდან იერიშის დაწყების შემდეგ, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. მისი თქმით, ინდოეთის იერიშებს პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი 3 წლის ასაკის ბავშვი და შვიდი ქალი.





