დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის

ინდური მხარის ცნობებით, პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯამუში აფეთქებების ხმა ისმის

AFP

ინდოეთში ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა, ომარ აბდულამ თქვა, რომ ქალაქ ჯამუში აფეთქებების ხმა ისმის და ელექტროენერგიის მიწოდება შემწყდარია. 

ამის შესახებ აბდულა X-ზე წერს

"ჯამუში ახლა ელექტროენერგიის მიწოდება შემწყდარია. ქალაქში სირენების ხმა ისმის. [...] ახლა ისმის აფეთქებების წყვეტილი ხმა, სავარაუდოდ მძიმე არტილერიის, ისმის იქ, სადაც ვარ". - წერს აბდულა. 

ჯამუს ერთ-ერთმა მცხოვრებმა CNN-თან საუბრისას ასევე თქვა, რომ ქალაქში სირენები არის ჩართული და ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერებულია. მისივე თქმით, ადგილზე აფეთქებების ხმაც ისმის. 

გარდა ამისა, გამოცემასთან საუბრისას პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ არსებობს ცნობები ასევე ინდოეთის მიერ კონტროლირებული ქაშმირის ტერიტორიაზე საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებაში, ურიში საარტილერიო იერიშზეც. 

ამასთან, CNN ადგილობრივ მცხოვრებებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანის მოსაზღვრე პუნჯაბის რეგიონში, ქალაქ პატანკოტში აფეთქებების ხმა ასევე ისმის და ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეჩერებულია. 

ცნობისთვის, დღეს ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 და 9 მაისს ინდოეთის დასავლეთ საზღვარზე მრავალი მიმართულებით დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით იერიში მიიტანეს

მანამდე, 7 მაისის დილის საათებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.

პაკისტანის მტკიცებით, იერიშზე საპასუხოდ ინდოეთის არმიის ხუთი ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის არმიის სპიკერმა და დიპლომატიურმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ჩამოგდებულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის სამი ფრანგული Rafales ტიპის ავიაგამანადგურებელი და ორიც რუსული თვითმფრინავია.

პაკისტანის თქმით, იერიშის ფარგლებში ინდოეთის მხრიდან გაშვებული რაკეტები სამ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი იერიშები" მიიტანეს "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" პაკისტანსა და ქაშმირის რეგიონში, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს.

პაკისტანის არმიის სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ინდოეთის მხრიდან იერიშის დაწყების შემდეგ, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. მისი თქმით, ინდოეთის იერიშებს პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი 3 წლის ასაკის ბავშვი და შვიდი ქალი.

კომენტარები