დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის

პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთის საჰაერო იერიშის შედეგად 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა

პაკისტანის არმიის სპიკერის, აჰმედ შარიფ ჩაუდრის განცხადებით, ინდოეთის მხრიდან იერიშის დაწყების შემდეგ, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა.

მისი თქმით, ინდოეთის იერიშებს პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი 3 წლის ასაკის ბავშვი და შვიდი ქალი.

პაკისტანის მტკიცებით, 7 მაისს ინდოეთის მიერ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ ინდოეთის არმიის ხუთი ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. 

ინდური მხარის მტკიცებით, დაღუპულია 10 სამოქალაქო პირი და დაშავებულია 48.

პაკისტანის თქმით, იერიშის ფარგლებში ინდოეთის მხრიდან გაშვებული რაკეტები სამ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი იერიშები" მიიტანეს "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" პაკისტანსა და ქაშმირის რეგიონში, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია სამიზნეების ლოკაცია, თუმცა განმარტა, რომ იერიშის ფარგლებში "მიზანში არ ყოფილა ამოღებული პაკისტანის სამხედრო დაწესებულებები". ინდოეთის თქმით, იერიშები "თვისებრივად ფოკუსირებული, მოზომილი და არაესკალაციური" იყო.

 

ინდოეთმა 7 მაისს პაკისტანის წინააღმდეგ წამოწყებულ იერიშს "სინდურის ოპერაცია" უწოდა. სინდური ტრადიციული წითელი ფერის კოსმეტიკური ფხვნილია, რომელსაც ქალები თმის გაყოფის ხაზზე ისვამენ. ის ქორწინების ტრადიციულ ინდუისტურ სიმბოლოს წარმოადგენს. პაჰალგამის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ინდური სოციალური მედია მოიცვა სურათმა, რომელშიც ცოლი ქმრის ცხედართან იყო მუხლმოყრილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პაჰალგამის ტურისტულ ადგილზე თაფლობის თვეს ატარებდნენ, როდესაც ტერორისტებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

7 მაისის დილამდე ინდოეთში პაკისტანის მხრიდან პოტენციური სამხედრო პასუხისთვის ემზადებოდნენ. იერიშამდე ერთი დღით ადრე, 6 მაისს, ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით სასწავლო წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა.

კომენტარები