რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი რაუნდი შედგა. მხარეებმა ერთმანეთს 205 სამხედრო ტყვე გაუცვალეს.
თავდაპირველად განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რაც შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.
გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროებს შორის არიან სამხედრო-საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, სადესანტო-მოიერიშე ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის პერსონალი.
გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ხერსონის, სუმისა და კიევის მიმართულებით იბრძოდნენ, მათ შორის არიან მარიუპოლის გარნიზონის წევრებიც.
ეს 2025 წელს ტყვეების გაცვლის მეხუთე რაუნდია, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კი 64-ე. 2022 წლის მარტიდან მსგავსი გაცვლების მეშვეობით უკრაინის 4 757 მოქალაქე გათავისუფლდა.





