რუსული რეჟიმი

რეჟიმის პატიმრების ოჯახები იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქციას მართავენ

რეჟიმის პატიმრების ოჯახები აქციას მართავენ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეები იკრიბებიან. 

სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის დედის, ელენე ახობაძის თქმით, მას მეორე შვილის სასამართლოც დაუნიშნეს. ახობაძე მოსამართლეებს მწამებლებსა და ბოროტების მანქანებს უწოდებს. 

"არ ვაპირებ გაჩერებას. მეორე შვილის სასამართლოც დამინიშნეს. მეორე შვილზეც მებრძვიან. ვერ შემაშინებენ, ვერ გამაჩერებენ. ესენი არიან მონები და ხმამაღლა ვიტყვი, ეს არის ჩემი შეფასება. ამის გულისთვის არ უნდა ცდებოდეს მოსამართლე, რომ ვიღაცამ ჭორის დონეზე თქვა, რომ დამიძახა მონა. ამაზე სასამართლო არ უნდა დგებოდეს. აქედან გამომდინარე, რადგან მოსამართლე ჭორაობას განიხილავს ვაპროტესტებ, რომ ის არ არის მოსამართლე. გამოვიდეს დადგეს "ბირჟაზე" და გაარჩიოს ქავთარაძესთან ერთად "ბირჟის" საქმე.

[...] ესენი არიან მწამებლები, ბოროტების მანქანები. ვერ ხვდებიან, როცა აღარ დასჭირდებათ ნაგავში გადააგდებენ. გადასაყრელები ისედაც არიან და ასედაც" - თქვა ახობაძემ TV პირველთან. 

აქციაზე მივიდა პოლიტპატიმარ გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაიაც. 

"მოსამართლეებს ვეტყვი პირდაპირ, ჩვენი, დედების ცრემლი წაიღებთ და წალეკავთ, ჩვენი შვილების ცოდვა არ გაახარებთ არცერთს. არ გავჩერდებით, ასე ვიდგებით ყოველთვის. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არიან მონები და დარჩებიან მონებად" - თქვა წულაიამ TV პირველთან. 

კომენტარები