აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საგადასახადო შეღავათების მოხსნას აპირებს.
"ვაპირებთ ჰარვარდს საგადასახადო შეღავათები მოვუხსნათ. მათ ეს დაიმსახურეს". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მანამდე, ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნებზე უარის თქმის შემდეგ მათთვის 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსების გაყინვის გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
"მთავრობას არ დაუსახელებია და ვერ დაასახელებს რაიმე რაციონალურ კავშირს ანტისემიტიზმზე შეშფოთებებსა და მთავრობის მიერ გაყინულ სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა სახის კვლევებს შორის, რომლებიც ამერიკული სიცოცხლეების გადარჩენას, ამერიკული წარმატების ხელშეწყობას, ამერიკის უსაფრთხოების დაცვასა და ამერიკის, როგორც ინოვაციის მხრივ გლობალური ლიდერის, პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად". - წერია საჩივარში.
14 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერება დააანონსა. მანამდე ჰარვარდში განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან დაწესებულების რეგულაციის მცდელობაზე უარს ამბობდნენ.
მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში ხელისუფლებაში მოვიდა, მან არაერთი ზომა მიიღო წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების წინააღმდეგ: შეწყვიტა ფედერალური დაფინანსება, დაიწყო გამოძიებები, გააუქმა სტუდენტური ვიზები და წაუყენა სხვადასხვა მოთხოვნა, აცხადებდა, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ფეხმოკიდებულია ანტისემიტური, ანტიამერიკული, მარქსისტული და "რადიკალური მემარცხენე" იდეოლოგიები.





