დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მოსამართლემ ტრამპის მიერ 1798 წლის აქტის დეპორტაციებისთვის გამოყენება უკანონოდ ცნო

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" გამოყენება ვენესუელელი მიგრანტების სალვადორში დეპორტაციისთვის, ტრამპის მიერვე დანიშნულმა ფედერალურმა მოსამართლემ "უკანონოდ" ცნო

აშშ-ს საოლქო სასამართლოს მოსამართლე ფერნანდო როდრიგესის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას აღნიშნული აქტის საფუძველზე დეპორტაციების განხორციელება აეკრძალა. 

როდრიგესის თქმით, ტრამპმა ვენესუელური ბანდის, Tren de Aragua-ს სავარაუდო წევრების დეპორტაციის მიზნით არასათანადოდ მიმართა კანონს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს უფლებამოსილებას აძლევს, ქვეყნიდან უმოკლეს პერიოდში გააძევოს აშშ-სთან ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეები. 

მოსამართლის ბრძანების თანახმად, "უცხო მტრების აქტის" გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა შეიარაღებული და ორგანიზებული თავდასხმის ქვეშაა, ხოლო ტრამპის მტკიცებები აშშ-ში Tren de Aragua-ს აქტივობების შესახებ აღნიშნულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. 

ტრამპს ზემოხსენებული ბანდა დაუხასიათებია, როგორ საერთაშორისო კრიმინალური პროექტი, რომელიც ვენესუელის მთავრობის დავალებით მოქმედებს. თუმცა, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, თავად ტრამპსაც კი ფორმალურად არ განუცხადებია, რომ ბანდა "აშშ-ში ვენესუელის დირექტივის საფუძველზე შემოდის, რათა ქვეყანა დაიპყროს, ან ტერიტორიების ნაწილზე კონტროლი დაამყაროს". 

აშშ-ს პრეზიდენტმა Tren de Aragua-ს წინააღმდეგ "უცხო მტრების აქტის" გამოყენების შესახებ პროკლამაცია მარტში გამოსცა. აქტი აშშ-ს ისტორიაში, ბოლოდროინდელის გარდა, მხოლოდ სამჯერ გამოიყენეს – 1812 წლის ომის, პირველი მსოფლიო ომისა და მეორე მსოფლიო ომის დროს. 

როდრიგესის გადაწყვეტილებით, ტრამპის პროკლამაცია "წესდების ფარგლებს სცდება და, შესაბამისად, უკანონოა", ხოლო ტრამპი და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები "არ ფლობენ კანონიერ უფლებამოსილებას, უცხო მტრების აქტისა და პროკლამაციის საფუძველზე დააკავონ ვენესუელელი უცხოელები და გადაიყვანონ ისინი აშშ-ს სხვა ნაწილში ან გააძევონ ქვეყნიდან". 

რამდენიმე სხვა სასამართლო, მათ შორის, უზენაესი სასამართლო, გასული თვენახევრის განმავლობაში ტრამპის მიერ "უცხო მტრების აქტის გამოყენებას" სხვადასხვა გზით შეეწინააღმდეგა, თუმცა ეს  გადაწყვეტილებები წინასწარი და დროებითი იყო. როდრიგესი არის პირველი მოსამართლე, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, გამართლებულია თუ არა დეპორტაციები აღნიშნული აქტის საფუძველზე. როგორც POLITICO წერს, როდრიგესის "მუდმივი ბრძანება" უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა მოსამართლეების მიერ გაცემული მოკლევადიანი შეზღუდვები.

მიუხედავად ამისა, როდრიგესის გადაწყვეტილება მხოლოდ ტეხასის ოლქზე ვრცელდება, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციას მისი გასაჩივრება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში - აშშ-ს მე-5 საოლქო სააპელაციო სასამართლოში შეუძლია. 

ცნობისთვის, 16 მარტს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-დან ვენესუელური დაჯგუფების წევრების დეპორტაცია მოხდა, მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, რომელიც ამას კრძალავდა.

სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე ამბობდა, რომ 238 დეპორტირებული "ტერორიზმის შეკავების ცენტრში" ერთწლიანი პატიმრობისთვის იქნებოდნენ გადაყვანილი, რაც შესაძლოა, გახანგრძლივებულიყო.

"ერთი მოსამართლე ერთ ქალაქში ვერ განსაზღვრავს უცხოელი ტერორისტებით სავსე თვითმფრინავის გადაადგილებას, რომლებიც ფიზიკურად გააძევეს აშშ-ს ტერიტორიიდან". - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.

ტრამპის მრჩევლების ამბობდნენ, რომ ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ჯეიმზ ბოუსბერგმა 15 მარტის გადაწყვეტილებით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც განკარგულება გამოსცა, რომელმაც 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში პრეზიდენტს დაახლოებით 250 სავარაუდო Tren de Aragua ბანდის წევრების დეპორტაცია დაუშალა.

7 აპრილს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ფედერალური მოსამართლის, ჯეიმზ ბოუსბერგის განკარგულება, რომლითაც მან ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტირებული ვენესუელელი მიგრანტების ორი რეისის შემობრუნება უბრძანა

სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში დეპორტირებულ პირებს სამართლიანი სასამართლოს უფლება და გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება უნდა ჰქონოდათ. 

18 აპრილს ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ბრაიან მერფიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტაციების გაგრძელებას უკრძალავდა. 

მერფის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელელი მიგრანტების 1798 წლის აქტით დეპორტაციის დროებით შეჩერება უბრძანა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომაც. 

კომენტარები