ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ თეთრ სახლს 1798 წლის აქტით დეპორტაციების დროებით შეჩერება უბრძანა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელელი მიგრანტების 1798 წლის აქტით დეპორტაციის დროებით შეჩერება უბრძანა

"მთავრობას ნაბრძანები აქვს, რომ დაკავებულთა სავარაუდო კოლექტიური იურიდიული მხარის არცერთი წევრი ამ სასამართლოს შესაბამის ბრძანებამდე აშშ-დან არ გააძევოს". - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

გადაწყვეტილების მიმართ წინააღმდეგობა კონსერვატორმა უზენაესმა მოსამართლეებმა, კლარენს თომასმა და სემუელ ალიტომ საჯაროდ გამოხატეს. 

ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირმა (ACLU) 18 აპრილს რამდენიმე სასამართლოში, მათ შორის უზენაეს სასამართლოში, სასწრაფო სარჩელები შეიტანა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რამდენიმე დაკავებული ავტობუსებში უკვე განათავსეს და უთხრეს, რომ დეპორტაციას უპირებდნენ.

ACLU-მ განაცხადა, რომ სწრაფი ტემპით პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების რეალისტური საშუალების გარეშე გააძევებდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოთხოვნასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

გამოცემა Reuters წერს, რომ თეთრ სახლს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, გუშინ, 18 აპრილს ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ბრაიან მერფიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტაციების გაგრძელებას უკრძალავს.

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეპორტაციამდე დაკავებულებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ სასამართლოს წინაშე დაასაბუთონ წამების ან არასათანადო მოპყრობის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში გააძევებენ.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დეპორტაციები სავარაუდოდ უკვე არასამართლიანად შესრულდა ან შესრულდება და, სულ მცირე, დაცვის მხარეს არ ჰქონია შესაძლებლობა, წარმოედგინა ზიანი, რომელიც შეიძლება განიცადონ". - წერდა მერფი.

მანამდე, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპს 1798 წლის საომარი აქტით დეპორტაციების გაგრძელების ნება დართო, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. 

უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში ვენესუელური ბანდის, Tren de Aragua-ს დაახლოებით 250 სავარაუდო წევრის დეპორტაცია დაუშალა.

სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში დეპორტირებულ პირებს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვთ და გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს ტეხასის შტატში უნდა მოხდეს, სადაც ისინი დაკავებულები არიან.

სასამრთლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ "საპირისპირო მოსაზრებების რიტორიკის მიუხედავად", უზენაესი სასამართლოს დასკვნა ადგენს, "რომ "უცხო მტრების აქტის ფარგლებში გაძევების ბრძანებას დაქვემდებარებული დაკავებულ პირებს აქვთ უფლება, რომ შეტყობინებულები იყვნენ და მათი გაძევების გასაჩივრების საშუალება მიეცეთ". 

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებულებმა "ამ ბრძანების თარიღის შემდეგ უნდა მიიღონ შეტყობინება, რომ აქტის ფარგლებში გაძევებას ექვემდებარებიან. ეს შეტყობინება უნდა გაიცეს გონივრული ვადის ფარგლებში და იმგვარად, რომ მათ რეალურად შეეძლოთ შესაბამის ადგილას habeas corpus-ის სამართლებრივი დაცვის საშუალება გამოიყენონ, სანამ გაძევება მოხდება".

ცნობისთვის, 10 აპრილს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, 9-0-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებით, უარყო ტრამპის ადმინისტრაციის სასწრაფო სარჩელი და დაავალა მას, დააბრუნოს მერილენდის შტატიდან შეცდომით სალვადორის ციხეში დეპორტირებული კაცი.

სასამართლომ გადაწყვეტილება სალვადორის მოქალაქის, კილმარ აბრეგო გარსიას, საქმეზე გამოიტანა, რომელსაც საიმიგრაციო სასამართლოს ორდერი ჰქონდა, რაც მის სამშობლოში დეპორტაციას კრძალავდა იმ შიშით, რომ ადგილობრივი ბანდებისგან მის წინააღმდეგ დევნის საშიშროება არსებობდა.

აშშ-ს რაიონულმა მოსამართლემ ახლა უკვე სალვადორის ცნობილ ციხეში მყოფი აბრეგო გარსიას აშშ-ში დაბრუნება 7 აპრილს ღამით ბრძანა. უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

12 აპრილს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გარსია "ცოცხალია და ის სალვადორში, ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისთვის განკუთვნილ ციხეში უსაფრთხოდაა მოთავსებული".

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იურისტებმა 13 აპრილს განაცხადეს, რომ მათ არ ეკისრებათ ვალდებულება სალვადორში შემთხვევით დეპორტირებულ მერილენდის შტატის მაცხოვრებელს აშშ-ში დაბრუნებაში დაეხმარონ.

კომენტარები