პროკურატურის ცნობით, 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანში, სოფელ ახაშენში მომხდარ სამი პირის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
30 აგვისტოს პროკურატურა დანაშაულის შესახებ წერდა, რომ ახაშენში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მ.მ.-ს, რომელიც იმ დროს ბრალდებულის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
"აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით იარაღიდან ესროლა თავის მეუღლეს ფ.ტ.-ს. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ზ.ზ. საკუთარი ავტომობილით მივიდა „შატო ზეგაანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მრავალჯერადი გასროლით ადგილზე მოკლა რ.კ." - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.





