განზრახ მკვლელობა

POG: გურჯაანში მეუღლისა და 2 ადამიანის მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ზ.ზ.-ს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, სოფელ ახაშენში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მ.მ.-ს, რომელიც იმ დროს ბრალდებულის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით იარაღიდან ესროლა თავის მეუღლეს ფ.ტ.-ს. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ზ.ზ. საკუთარი ავტომობილით მივიდა „შატო ზეგაანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მრავალჯერადი გასროლით ადგილზე მოკლა რ.კ." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები