რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: დროა, მოსკოვმა და კიევმა ომის დასასრულებლად კონკრეტული წინადადებები წარადგინონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთმა და უკრაინამ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შუამდგომლობას შეწყვეტს. 

"[დრო მოვიდა], რომ ამ კონფლიქტის დასრულების გზებზე ორივე მხარემ კონკრეტული წინადადებები წარადგინოს". - ციტირებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი მარკო რუბიოს 29 აპრილის პრესბრიფინგზე. 

ბრიუსის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გამოეთიშება თუ არა ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს შორის შუამდგომლობის პროცესს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია. 

"თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ უკან დავიხევთ, როგორც მედიატორები ამ პროცესში". - თქვა პრესსპიკერმა. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ომში ჩართულ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების დროულად მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 

მაგალითისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აპრილს თქვა, რომ თუ რუსეთი ან უკრაინა მშვიდობის მიღწევის პროცესს "ძალიან გაართულებს", აშშ "უბრალოდ ხელს აიღებს", თუმცა, ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ "ამის გაკეთება არ მოუწევთ". მანვე აღნიშნა, რომ დღეების კონკრეტული რაოდენობა არ არსებობს, როდესაც ადმინისტრაცია მიხვდება, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და შუამდგომლობას შეწყვეტს.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, წარუდგინა "ძალიან მკაფიო წინადადება" სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაში აშშ "დაანებებს თავს ამ პროცესში მონაწილეობას".

ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ მშვიდობისაკენ "ნათელი გზა" უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება, აშშ სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობას შეეშვება. 

ამავდროულად, ტრამპმა 25 აპრილს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მიანიშნა, რომ ორ კვირაში ცნობილი იქნებოდა, გამოეთიშებოდა თუ არა აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობის პროცესს. 

რეპორტიორმა პრეზიდენტს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამოთიშვას გადაწყვეტს, შეწყვეტდა თუ არა აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას. 

"ვნახოთ, რა მოხდება". - უპასუხა ტრამპმა. 

"ვფიქრობ, მათ შეთანხმების დადება სურთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს არაჩვეულებრივი იქნება. თქვენს შეკითხვაზე ფიქრი აღარ მოგვიწევს. იგივე შეკითხვა, შეგიძლიათ, ორ კვირაში ხელახლა დასვათ და შემდეგ ვნახავთ. თუმცა მგონია, რომ ჩვენ [ზავს] ვუახლოვდებით. [ნორვეგიის] პრემიერმინისტრიც ასე ფიქრობს და ვიმედოვნებ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ მოგვიწევს". - თქვა ტრამპმა. 

კომენტარები