თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 29 აპრილს მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როგორც ტაბულას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ქათამაძის უფლებებს იცავს, განუმარტეს ადვოკატებს საშუალება ექნებათ, ქვეყნიდან გაძევების პროცედურების დაწყების შესახებ შსს-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
"გაძევების საფუძველი არის ის, რომ ქვეყანაში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე, როდესაც პირს არ აქვს მოქალაქეობა, არც ბინადრობის უფლება, არც ლტოლვილის სტატუსი და ა.შ. რადგან ბატონ თემურს მოქალაქეობას წლების განმავლობაში არ ანიჭებდნენ ბოლო პერიოდში ბინადრობის უფლების მინიჭებაზეც უარი უთხრეს და ახლა უკვე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც უარი მიიღო. შესაბამისად არ აქვს კანონიერი საფუძველი საქართველოში ყოფნისთვის და ეს არის გაძევების საფუძველი.
პროცედურას რაც შეეხება, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ასეთი საფუძვლის შეტყობიდან, როდესაც გაიგებს რომ პირი კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ გაძევების თაობაზე და მაშინვე გააძევებენ. გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს ვადას, რა ვადაში უნდა დატოვოს პირმა საქართველოს ტერიტორია. ამავდროულად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაც აქვს ამ პირს". - განმარტავს ტაბულასთან საია-ს იურისტი, მარიამ გაბროშვილი, რომელიც თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.
18 მარტს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რაც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს გულისხმობს.
15 აპრილს ბათუმის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თემურ ქათამაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა გაითვალისწინა და ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვით გაუხანგრძლივა.
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
თემურ ქათამაძე კლინიკა ვივამედში 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს. იმავე დღეს ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმებთან კონსულტაციის დღეს ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
-
ქათამაძე: დაკავების დღიდან ჩემს მიმართ ხორციელდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა
-
ქათამაძე: ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა, სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა აღარ შემომთავაზოთ
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.





