ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

იურიდიულმა კომიტეტმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას II მოსმენით მხარი დაუჭირა

ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მე-2 მოსმენით მხარი დაუჭირეს. შესაბამისი ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შედის.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოს შეეძლება აკრძალოს პარტია, თუკი მისი გაცხადებული მიზანი ან საქმიანობის არსი, მათ შორის, პერსონალური სიის შემადგენლობა ან წარდგენილი სიის შემადგენლობა არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის მიზნებსა და საქმიანობის არსს.

შესაბამის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა კვლავინდებურად შესაძლოა იყოს 9 თვე, თუმცა როცა ლაპარაკია საარჩევნო პერიოდზე და ე.წ. მემკვიდრე პარტიაზე სარჩელის განხილვის ვადა შესაძლოა უკავშირდებოდეს 14 დღეს". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

კანონპროექტი ბიუროზე 31 მარტს დარეგისტრირდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ "ენმ-ს მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარების კანონპროექტი" წარადგინეს.

"წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. 

შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება." - წერია ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.

კომენტარები