საქართველო-რუსეთი

ქართულმა სპეცსამსახურებმა წიგნის წარდგენა ჩამიშალეს – რუსეთში აგენტად გამოცხადებული ავტორი

ნიკიტა სმაგინი

რუსი ჟურნალისტი, ავტორი და აღმოსავლეთმცოდნე, ნიკიტა სმაგინი, რომელიც რუსეთმა უცხოელ აგენტთა სიაში მცირე ხნის წინ დაამატა, ირწმუნება, რომ თბილისში ქართულმა სპეცსამსახურებმა წიგნის პრეზენტაცია ჩაუშალეს. ამის შესახებ მან რუსულ დამოუკიდებელ მედიაპროექტ Слово защите-სთან ისაუბრა.

სმაგინის თქმით, 16 აპრილს თბილისის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში უნდა გამართულიყო მისი წიგნის პრეზენტაცია. ნაწარმოები რუსეთისა და ირანის ურთიერთობებს შეეხებოდა. ავტორი ამბობს, რომ წიგნის მაღაზიაში, სადაც ღონისძიება იგეგმებოდა, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ და შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. ამას გარდა, მისივე თქმით, საზღვარზე დიდი ხნით გააჩერეს და 8 საათის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ. ამ დროისთვის სმაგინი რუსეთის უცხოელ აგენტთა სიაში ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა.

"16 აპრილს ჩემი წიგნის პრეზენტაცია თბილისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ის ჩაშალეს. თავდაპირველად საზღვარზე დიდი ხნით გამაჩერეს, დამკითხეს, რვა საათზე მეტ ხანს. შემდეგ კი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლები მივიდნენ წიგნის მაღაზიაში, სადაც ღონისძიება იგეგმებოდა, გააფრთხილეს მისი [პრეზენტაციის] პოტენციური საფრთხის შესახებ. დაწესებულების ხელმძღვანელობამ გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აქედან ათ დღეში კი [რუსეთის] "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შემიყვანეს." - თქვა SOTA-სთან საუბარში სმაგინმა. 

სმაგინის ვარაუდით, რუსულმა მხარემ საქართველოს სტრუქტურები წინასწარ გააფრთხილა, რომ მის "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებას აპირებდნენ.

"ეს მაფიქრებინებს, რომ რუსულმა მხარემ ქართყლი მხარე შესაძლოა ჩემს მიმართ არსებული გეგმების შესახებ წინასწარ გააფრთხილა. საქართველოში სწორედ უცხოეთის აგენტების არშეშვების შემთხვევები ბოლო სამ წელში ხომ არც თუ ისე ცოტა იყო." - თქვა რუსმა ავტორმა. 

ნიკიტა სმაგინმა Слово защите-სთან საუბარში თქვა, რომ ჟურნალისტური კარიერა გაზეთ Собеседник-ში დაიწყო. ეს გაზეთი ახლა აღარ იბეჭდება, რადგან მისი გამომცემლობა "უცხოურ აგენტად" გამოაცხადეს. შემდეგ ის Иран сегодня-ს მთავარ რედაქტორად მუშაობდა. ეს ვებგვერდი ახლო აღმოსავლეთსა და ირანს შეეხებოდა. 2019 წელს, მისივე თქმით, დაიწყო სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ში მუშაობა და ირანის მოვლენებს აშუქებდა. სმაგინმა აღნიშნა, რომ 2022 წელში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ТАСС-ი დატოვა და საცხოვრებლად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გადავიდა.

სმაგინის აზრით, რუსეთში მისი აგენტების სიაში დამატება უკავშირდება ფაქტს, რომ საკუთარ წიგნში რუსეთ-ირანის ურთიერთობასთან დაკავშირებით წერს ფაქტებს, რომ რუს დიპლომატებს ირანელი კოლეგები და ამ ქვეყნის ხელისუფლება არ მოსწონთ. მისი აზრით, ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ წიგნში ნახსენები აქვს, როგორ მოხალისეობდა ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის 2013 წლის მოსკოვის მერის არჩევნების კამპანიისთვის.

კომენტარები