რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
"გაგრძელდა პროდუქტიული მოსაზრებების გაცვლა რუსულ-ამერიკული პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა". ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, ძირითადი ყურადღება უკრაინის კრიზისის თემატიკას დაეთმო.
"25 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის გამართული საუბრის განვითარებად, მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვეს არსებული წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას, რათა გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყოს". - წერია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სხვა საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს და კონტაქტების ყველა დონეზე შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
მანამდე, მარკო რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა მოლაპარაკებების მხრივ გადამწყვეტი იქნება.
"ჩემი აზრით, ეს კვირა ძალიან გადამწყვეტი იქნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, გვსურს თუ არა, ვიყოთ ამ ძალისხმევაში ჩართულები, თუ - დროა, რომ სხვა საკითხებზე გადავიტანოთ ყურადღება, რომელიც არანაკლებ ან, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
[...] საბოლოოდ, თუ ეს ვერ მოხდება, თუ ნაყოფს ვერ გამოიღებს, როგორც ერ-სახელმწიფოს, ჩვენ ვარიანტები გვაქვს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობის არ მიღწევაზე, მაგრამ გვირჩევნია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ, რადგან გვგონია, რომ ეს დიპლომატიის კარს ხურავს". - აღნიშნა რუბიომ.