ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ძლიერი საქართველოსა და პარტია გახარია-საქართველოსთვის ლიდერები ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს.
"ჩვენ კვლავ იმ აზრზე ვრჩებით, რაც ეუთო-ს გენერალურ მდივანსაც გავუზიარეთ, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი სამთავრობო პროპაგანდას შესაძლებლობას აძლევს, რომ ეს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით გამოიყენოს [...]
ასევე, შეხვედრაზე ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ძალების საერთო მოთხოვნა კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, რომ უნდა დაინიშნოს ახალი, დემოკრატიული, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები". - თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებასა და პოლიტიკურ პატიმრებსაც შეეხო.
"პირველ რიგში, ეუთო არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი გამოწვევაა - საუბარი ამაზე იყო. ასევე, იმაზე ვილაპარაკეთ, რომ დღეს საქართველოში სრული დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე. გარდა ამისა, ლაპარაკი იმაზეც იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არ გაითვალისწინეს, რომელიც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოქვეყნდა. უფრო მეტიც, ისეთი კანონი მიიღეს, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აინტერესებთ" - თქვა ჯაფარიძემ.
კომენტარი გააკეთა პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმაც. გიორგი გახარია ეუთო-ს გენერალურ მდივანს ცალკე შეხვდა, სანამ სინირლიოღლუ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდებოდა.
"ეუთოს გენერალურმა მდივანმა დაგვიდასტურა, რომ ეს რეგიონალური ვიზიტია - ის მხოლოდ საქართველოს არ სტუმრობს და მათ შორის, ვიზიტი უსაფრთხოების კონტექსტს შეეხება. ჩვენი, გიორგი გახარიას მხრიდან, პირველ რიგში ყურადღება პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე გამახვილდა. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი არჩევნების საკითხსაც შეეხო". - თქვა ბუჩუკურმა.
შეხვედრაზე უარი განაცხადა კოალიციამ ცვლილებისთვის. ისინი მიზეზად ფერიდუნ სინირლიოღლუს "არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეხვედრას" ასახელებენ.





