საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა კიდევ ერთი თანამშრომელი, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტია. ინფორმაციას და შესაბამის ბრძანებას მედიაჩეკერი ავრცელებს.
დისციპლინური სანქციის შესახებ ბერძენიშვილის ბრძანებაში წერია, რომ კიტია საჯარო სივრცეში მის მიერ გავრცელებული განცხადებებით, "ეჭვქვეშ აყენებს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას".
დამსაქმებლისთვის "რეპუტაციული ზიანის მიყენების გამო, ბერძენიშვილმა კიტიას საყვედური გამოუცხადა და 12 თვის განმავლობაში " ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში" შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
მედიაჩეკერის ცნობით, მსგავსი საფუძვლით, შესაძლო გათავისუფლების შესახებ უკვე 8 თანამშრომელი გააფრთხილა.
ცნობისთვის, 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს.
ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანიის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველი არხის "შიდა მოკვლევის დასკვნა" გახდა.
ამასთან ერთად, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის "ეჭვქვეშ დაყენების" გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს კიდევ 4 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, გადაცემა პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
18 აპრილს ბერძენიშვილმა დამატებით კიდევ 3 თანამშრომელს გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, შაბათ-კვირის შოუს კორესპონდენტ ანა აბაკელიას და შაბათ-კვირის შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჯინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა.