ევროპა-რუსეთი

ნიდერლანდების დაზვერვის თქმით, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს აძლიერებს

Collage: The Telegraph

ნიდერლანდების სამხედრო-სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, რუსეთი ნიდერლანდებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს აძლიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, რუსი ჰაკერების სამიზნე უკვე გახდა ნიდერლანდების საჯარო სერვისები. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა მზარდი რუსული საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის, უკრაინაში ომის შესაძლო დასრულების შემდეგაც". - განაცხადა ნიდერლანდების სამხედრო-სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა პიტერ რესინკმა სააგენტოს წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

"ომსა და მშვიდობას შორის ნაცრისფერ ზონაში არსებული კონფლიქტი რეალობა გახდა. ამასთან, [რუსეთის] სახელმწიფო აქტორები ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს საზოგადოებას ჰიბრიდული თავდასხმებით. რუსეთი მეტად მომზადებულია, რომ რისკებზე წავიდეს". - დაამატა სააგენტოს დირექტორმა. 

სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, ნიდერლანდების ერთ-ერთი საჯარო სერვისის ციფრულ ოპერატიულ სისტემაზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევა პირველად გასულ წელს აღმოაჩინეს. 

დაზვერვამ ასევე აღმოაჩინა ნიდერლანდების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსული კიბეროპერაციის კვალი. მტკიცებულება რუსების მიერ სავარაუდო საბოტაჟისთვის მზადებაზე მიუთითებდა. 

ამავდროულად, განცხადებაში სააგენტომ ბოლოდროინდელი რუსული ჰიბრიდული თავდასხმები დაახასიათა, როგორც ტრადიციული ჯაშუშური აქტივობების კომბინაცია კიბერშეტევებთან, რაც, საბოტაჟის სხვა მცდელობებთან ერთად, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენასა და მისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად. 

ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა გასულ ნოემბერში რუსეთი ევროპის წინააღმდეგ დივერსიის "გამაოგნებლად წინდაუხედავი კამპანიის" წარმოებაში დაადანაშაულა, მათ შორის, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაში. 

მოსკოვი ბრალდებებს ტრადიციულად უარყოფს და მათ "უსაფუძვლოს" უწოდებს. 

კომენტარები