რუსეთში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ეკატერინა ბარაბაში შიდაპატიმრობიდან გაიქცა და მას ამ დროისთვის პოლიცია ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
63 წლის ბარაბაში რუსეთში 25 თებერვალს დააკავეს. ჟურნალისტს ბრალად ედება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Telegram-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ბარაბაშმა დაკითხვის დროს აღიარა დანაშაული. მას სასამართლომ შიდაპატიმრობა 25 აპრილამდე შეუფარდა.
ბარაბაში წარმოშობით უკრაინელი ჟურნალისტია, რომელიც ღიად მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.





