ჩინეთი აშშ-ს კონგრესმენებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციებს უწესებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონმა ჩინეთის ექვს ოფიციალურ პირს "ტრანსნაციონალურ რეპრესიებში" მონაწილეობისთვის დაუწესა სანქციები.
ვაშინგტონმა ჩინეთის სახელმწიფო თანამდებობის პირებს სანქციები 31 მარტს დაუწესა, მიზეზად კი ნახევრად ავტონომიური ქალაქის, ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონების ბოროტად გამოყენება დაასახელა, რის შედეგადაც ხდებოდა პროდემოკრატიული აქტივისტების დაშინება და გაჩუმება
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები შეაფასა როგორც "საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების უხეში დარღვევა".
"ჩინეთი გმობს აშშ-ს გადაწყვეტილებას და დაასანქცირებს კონგრესის წევრებს, სახელმწიფო თანამდებობის პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც სამარცხვინოდ მოიქცნენ ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით" – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე.
ჩინეთს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები.