რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ბრიტანეთის საგარეო: რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არა ერთდღიანი პაუზისკენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტას გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"უკრაინამ ვალდებულება აიღო ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე - ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და არა ერთდღიანი პაუზისკენ.

ახლა პუტინის ჯერია აჩვენოს, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობისა და მისი საშინელი შეჭრის დასრულებისკენ". - წერია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის დღეს, 19 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, აღდგომასთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა.

კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის დროით შაბათის, 19 აპრილის 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და ორშაბათის, 21 აპრილის შუაღამემდე გაგრძელდება. 

ასევე, პუტინის სააღდგომო ზავის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 17 საათსა და 15 წუთზე (უკრაინის დროით), უკრაინის ცაში საჰაერო რადარმა რუსული საიერიშო დრონები დააფიქსირა.

მოგვიანებით დადასტურდა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, რუსები ხერსონს დრონების მეშვეობით თავს დაესხნენ.

 

 

კომენტარები