18 აპრილს უკრაინამ და აშშ-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც მხარეები ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების დადებას ისახავენ მიზნად.
"გვინდა სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც მხარეების განზრახვას ადასტურებს და გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებასა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას.
ამასთანავე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თავად შეთანხმებაზე. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა არსებული ტემპი და მიღწეული პროგრესი გვაძლევს საფუძველს გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს დოკუმენტი საკმაოდ სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ ფონდი გახდება ეფექტიანი მექანიზმი ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში ინვესტიციების მოსაზიდად, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, ბიზნესის მხარდაჭერისა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად," - წერს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო თავის X-ზე.