უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილის, იულია სვირიდენკოს თქმით, აშშ-მ უკრაინას მინერალების შეთანხმების ახალი სამუშაო ტექსტი გაუგზავნა.
სვირიდენკოს მიხედვით, მთავრობა საკითხზე კონსენსუსის მიღწევის შემდეგ პოზიციას საჯაროდ წარუდგენს უმაღლეს რადას.
"ეს სამუშაო ვერსიაა, რომელიც, არსით, გამოხატავს ამერიკელი სამართლებრივი მრჩევლების პოზიციას. ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას და ეს პროცესი ფორმალიზებულია. როცა საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ უმაღლეს რადაში. ამ შეთანხმების ტექსტის ნებისმიერი საჯარო დისკუსია ახლა მხოლოდ დააზიანებს მოლაპარაკებებს და ხელს შეგვიშლის, გავმართოთ კონსტრუქციული დისკუსია ამერიკელ პარტნიორებთან" – ამბობს სვირიდენკო.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს და დაამატა, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან სანქციების გაზრდის ან შემცირების საკითხი.
"რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს, მოიმატებს თუ შემცირდება სანქციები და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი არ იყოყმანებს სანქციების გაზრდაზე, თუ ეს მას მოლაპარაკებებზე უპირატესობას მისცემს". - თქვა ბესენტმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს განაცხადა, რომ "ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს, ხოლო 24 მარტს დაამატა, რომ უკრაინასთან შეთანხმება ფაქტობრივად "მიღწეულია".