ტრამპის ტარიფები

ტრამპის თქმით, EU-სთან სავაჭრო შეთანხმება "100%-ით იქნება"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი
 Tom Brenner/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და ევროკავშირს შორის მომავალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ ოპტიმიზმი გამოხატეს

ტრამპმა შეხვედრის მიმდინარეობისას, რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპასთან სავაჭრო შეთანხმება "100%-ით იქნება". 

"სავაჭრო შეთანხმება იქნება, 100%-ით. რა თქმა უნდა, სავაჭრო შეთანხმება იქნება. მათ ამის დადება ძალიან სურთ და ჩვენ ვაპირებთ კიდეც, სავაჭრო შეთანხმება დავდოთ, მე ამას სრულად მოველი, თუმცა ეს სამართლიანი შეთანხმება იქნება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ჯორჯია მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპის მიერ 2 აპრილს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ "საპასუხო" ტარიფებისა და მოგვიანებით, ამ ტარიფების 90 დღით შეჩერების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა. 

იტალიის პრემიერმინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას აშშ-სთან 27-წევრიანი ბლოკის სახელით მოლაპარაკება არ შეეძლო, თუმცა, როგორც POLITICO წერს, მიანიშნა, რომ ტრამპთან პირდაპირი საუბარი საბოლოო შეთანხმების მიღწევისკენ გზას გაკვალავდა. 

ცნობისთვის, 2 აპრილს ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში მყოფ ყოველ ქვეყანას 10%-იანი "საბაზისო", ხოლო მათგან აშშ-ს 70-ზე მეტ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს დამატებით "საპასუხო" ტარიფებიც დაუწესდა. 

მოგვიანებით, ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებზე დაწესებული "საპასუხო" ტარიფები 90 დღის ვადით შეაჩერა. ძალაში დარჩა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფი, რომელიც ამ დროისთვის, თეთრი სახლის განმარტებით, ჯამში 145%-ს აღწევს. 

კომენტარები