რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: ჩინეთის მიერ რუსული არქტიკული ნავთობის იმპორტი აპრილში მკვეთრად გაიზრდება

REUTERS/Tatiana Meel

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აპრილის თვეში ჩინეთის მიერ რუსეთის არქტიკული ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი მაშ შემდეგ, რაც გამყიდველებმა, აშშ-ს მიერ შემოღებულ ემბარგოსთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანი ფასდაკლება და სანქციებისგან თავისუფალი ტანკერების მეშვეობით ნავთობის მიწოდება შესთავაზეს ჩინეთს. 

Reuters-ის ცნობით, არქტიკული ნავთობის ბიზნესი ზღვის მეშვეობით რუსული ნავთობის ექსპორტის 10%-ს წარმოადგენს. იანვარში აშშ-მ ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა ARCO-ს, Novy port-ისა და Varandey-ს სახეობების ნავთობის გადამზიდველ თითქმის ყველა ტანკერს ნავთობმწარმოებელ Gazprom Neft-თან ერთად.

აშშ-ს მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად რუსულ ნავთობმზიდებს სინგაპურისა და მალაიზიის სიახლოვეს საერთაშორისო წყლების გავლით გზავნიან, სადაც ნავთობი VLCC-ის ტიპის ტანკერებზე გადააქვთ, რა პროცესსაც გემიდან გემზე ტრანსფერს (STS) უწოდებენ. ამის შემდეგ კი რუსული ნავთობი სანქციებისგან თავისუფალი ტანკერებით ჩინეთში ჩადის.

ანალიტიკური ფირმა Vortexa-ს ექსპერტის ემა ლის თქმით, მიმდინარე თვეში არქტიკული ნავთობის, სულ მცირე, 4 მილიონმა ბარელმა შეასრულა STS ტრანსფერი და აპრილის ბოლომდე დამატებით 16 მილიონი ჩავიდა, ან ჩავა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

მან დაამატა, რომ საკმარისი მიწოდების არსებობის შემთხვევაში, ჩინეთში არქტიკული ნავთობის იმპორტი კვლავ გაიზრდება, თუმცა ლოჯისტიკური დაბრკოლებებისა და ჩინური გადამამუშავებელი ქარხნების მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩინეთში იმპორტირებული ნავთობის საბოლოო მოცულობა შესაძლოა, შეიცვალოს.

Reuters-ის ცნობით, მარტის თვეში ჩინეთში არქტიკული ნავთობის იმპორტმა დღეში 250 000 ბარელი შეადგინა.

გამოცემასთან ერთ-ერთმა მოვაჭრემ თქვა, რომ ჩინელი მყიდველები მოითხოვენ, რომ ნავთობი სანქციებისგან თავისუფალი ხომალდების მეშვეობით იყოს მიწოდებული, რათა მათ მეორადი სანქციების საფრთხე თავიდან აირიდონ, ამისთვის კი რუსეთი STS ტრანსფერებს იყენებს. თუმცა, ჩინელი იმპორტიორები მზად არიან, ტრანსფერების გამო ნავთობში უფრო მაღალი ფასი გადაიხადონ.

კომენტარები