შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მალაიზიის ფედერაციის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 20 კილოგრამი "მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ტ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.