NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადია, თუმცა დაამატა, რომ ეს არ უნდა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან.
კითხვაზე, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო, რუტემ უპასუხა, რომ "NATO-ში უკრაინის გზა შეუქცევადია" და ამ მხრივ "არაფერი შეცვლილა".
"როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა ერთ დღეს NATO-ს წევრი გახდება, ჩვენ პირობა არ დაგვიდია, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა". - დაამატა რუტემ, როდესაც მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები არ უნდა იყოს მიბმული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესთან.
15 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა.
როგორც თავის სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ის რუტესთან ერთად ეწვია საავადმყოფოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ.
შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად მარკ რუტეც ავრცელებს.
"დღეს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად ვეწვიე ოდესას.
უკრაინელმა ხალხმა იმდენი რამ გადაიტანა, მათ შორის, ბზობის კვირას რუსეთის მხრიდან სუმიზე თავდასხმა. NATO-ს მხარდაჭერა მტკიცეა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან შეძლოს აწმყოში თავდაცვა და სამომავლო აგრესიის შეკავება - რაც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას," - წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელში.





