რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიული დათმობების საკითხი უიტკოფის "კომპეტენციის მიღმაა"

რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ბოლოდროინდელი კომენტარი, რუსეთისთვის უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გადაცემის შესახებ, მკაცრად გააკრიტიკა. 

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 აპრილს ოდესაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ნებისმიერი მსჯელობა უკრაინელი ხალხის ჩართულობით უნდა წარიმართოს. 

"ყველა ტერიტორია უკრაინის ერთიან სახელმწიფოს ეკუთვნის. მხოლოდ უკრაინის ხალხს აქვს უფლება, განიხილოს საკითხები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას შეეხება". - თქვა ზელენსკიმ. 

ამასთან, პრეზიდენტმა დაამატა, რომ ის საკითხები, რომლებზეც უიტკოფი კომენტარს აკეთებს, ამ შემთხვევაში, თუ რომელი ტერიტორიები უნდა გადაეცეს რუსეთს, უიტკოფის "კომპეტენციის მიღმაა". 

"ჩვენთვის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, როგორც რუსული, წითელი ხაზია. ხსენებული წარმომადგენლები [მიემართება უიტკოფს] ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც მათი კომპეტენციის მიღმაა". - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის სიტყვები უკავშირდება უიტკოფის 14 აპრილის ინტერვიუს Fox News-თან, რომელშიც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 

ლაპარაკის დროს უიტკოფმა თქვა, რომ, მისი აზრით, რუსეთთან უკრაინის ომის საკითხზე შეთანხმება ფორმას იღებს. 

როგორც უიტკოფმა თქვა, სამშვიდობო შეთანხმება ეხება "ე.წ. ხუთ ტერიტორიას", თუმცა ამას გარდა დამატებით დეტალებსაც მოიცავს, რადგან საკითხი რთულია. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის კომერციული თანამშრომლობით გარდაქმნის შესაძლებლობა არსებობს. მას არ დაუზუსტებია რას გულისხმობს "ხუთ ტერიტორიაში", სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს.

"ეს სამშვიდობო შეთანხმება ეხება ე.წ. ხუთ ტერიტორიას, თუმცა ამაზე მეტია. არის უსაფრთხოების პროტოკოლი, NATO თუ არა NATO, მე-5 მუხლი, მრავალი დეტალია, ეს რთული სიტუაციაა, რომლის საფუძველიც ორ ქვეყანას შორის გაჩენილი რეალური პრობლემებია. 

მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის ზღურბლთან ვდგავართ. ამას დამატებული, ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა, გარდაიქმნას რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა საინტერესო კომერციული შესაძლებლობებით, რაც, მგონია, რეგიონს რეალურ სტაბილურობასაც მისცემს. პარტნიორობა ქმნის სტაბილურობას." - თქვა უიტკოფმა. 

უიტკოფმა და პუტინმა ბოლო ორ თვეში მესამე შეხვედრა 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართეს. შეხვედრამდე უიტკოფი პირისპირ ესაუბრა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევს. შეხვედრის შემდეგ კრემლში თქვეს, რომ ამ მოლაპარაკებებისგან "მყისიერ შედეგებს" არავინ უნდა დალოდებოდა.

კომენტარები