8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლორიმი ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელების ტყვეობაში მოხვდა ორი ჩინეთის მოქალაქე.
"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის რეგიონში მოხდა. გვაქვს ამ ტყვეების დოკუმენტები, საბანკო ბარატები და პერსონალური მონაცემები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა ოკუპანტების რიგებში. ჩვენ ვარკვევთ ყველა ფაქტს" – წერია ზელენსკის განცხადებაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მოქალაქეები არიან ვან გუანციუნი და ჩჟან რენბო.
სამხედრო ტყვეებმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
როგორც ვანი ჰყვება, მან ჩინეთში კოვიდის პანდემიის დროს სამსახური დაკარგა. სამსახურის ძებნისას რუსეთის წარმომადგენელმა შესთავაზა, რომ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე ემუშავა, რაზეც ვანი დათანხმდა. თუმცა რუსეთში ჩასვლისას პირდაპირ ჯარში მოხვდა და "მას არჩევანი არ ჰქონია".
ჩჟანის თქმით, ის პროფესიით მეხანძრეა და რუსეთში სამოგზაუროდ ჩავიდა, შემდეგ კი "ცოტაოდენი ფულის შოვნა" გადაწყვიტა. მას მშენებლობაზე მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ მშენებლობის ნაცვლად რუსულ ჯარში აღმოჩნდა.
ვანი რუსულ ჯარში 2025 წლის 5 თებერვალს, ხოლო ჩჟანი რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის დეკემბერში განაწესეს.
ვანი ფრონტის ხაზზე 4 აპრილს გაგზავნეს, ხოლო ჩჟანი რამდენიმე თვის განმავლობაში ოკუპირებულ დონეცკში მსახურობდა.
ორივე ტყვის თქმით, მათ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ ჰქონიათ კომუნიკაცია ჩინეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
უკრაინას გეგმაში აქვს ჩინეთის მოქალაქეები რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჯარისკაცებზე გაცვალოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინელი სამხედროების რუსეთში გაგზავნა უარყო.