გიორგი გახარიამ ბრიფინგი გააუქმა და "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე მივა. ტაბულას ინფორმაცია პრესსამსახურში დაუდასტურეს.
საქართველოსთვის ლიდერს 12:00 საათზე ბრიფინგი ჰქონდა ჩანიშნული. სწორედ იმ დროს იყო დაბარებული ოცნების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მან კითხვებს 20 ივნისთან დაკავშირებით უნდა უპასუხოს.
"სხდომაზე მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით" - წერია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საგამოძიებო კომისიაზე" გახარიას დაბარების შესახებ ინფორმაცია პირველად 10 აპრილს გახდა ცნობილი.
"2012 - 2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან" - თქვა თეა წულუკიანმა 10 აპრილს კომისიაზე.
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას გადაეგზავნება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ, 8 აპრილს, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა. ასევე, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ოცნების კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





