კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ World Press Photo-ს ფოტოჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ს ფოტოგრაფისთვის, მიხაილ ტერეშენკოსთვის მიწვევის გაუქმება "საღ აზრთან წინააღმდეგობაში მოდის".
ამის შესახებ ТАСС წერს.
"რაღა თქმა უნდა, ეს საღ აზრთან და ჟურნალისტურ სოლიდარობასთან წინააღმდეგობაში მოდის". - თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ფოტოჟურნალისტურმა კონკურსმა, World Press Photo-მ ამსტერდამში დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმა რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, მიხაილ ტერეშენკოს, რომელმაც კონკურსში საქართველოში რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფოტოებით გაიმარჯვა.
მანამდე, ტერეშენკოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქართველმა ფოტოგრაფებმა World Press Photo-ს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. ფოტოგრაფები აპროტესტებდნენ, რომ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელმა საქართველოში რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების ასახვისთვის ჯილდო მოიპოვა.
1 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში World Press Photo აღნიშნავდა, რომ ფოტოები ანონიმურად ფასდება და შეფასებისას ჟიურის წევრებმა ფოტოგრაფის ვინაობის შესახებ არ იციან. ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვებულები ფოტოების ხარისხითა და World Press Photo-ს კრიტერიუმებით შეირჩა, ხოლო ფოტოების წარწერები გადამოწმებულია.
თუმცა, ორგანიზაციამ ასევე დაწერა, რომ "სახელწმიფოების მიერ კონტროლირებულ სამსახურებში დასაქმებული ფოტოგრაფების ნამუშევრებისთვის მათი წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას" შეეცდებიან. მათივე თქმით, "ცვალებადი დროებთან და კონტექსტებთან ერთად", მათი "წესები და პროცედურები უნდა ვითარდებოდეს და ადაპტირდებოდეს".
"ამისთვის რჩევას ვთხოვთ ფოტოგრაფებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, ასევე ფოტოგრაფებს, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმებში მუშაობენ და მათ რთულ სიტუაციებში კარგი საქმის გაკეთებას ცდილობენ". - წერდა ორგანიზაცია.
World Press Photo-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯუმანა ალ-ზეინ ხური გადაწყვეტილების ცვლილების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წესებისა და პროცედურების ცვლილებაზე იმუშავებდნენ, "თუმცა ისინი ყოველთვის სამართლიანად და გამონაკლისის გარეშე უნდა გამოიყენონ".
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ დაჯილდოებას ვერ გააუქმებენ, ხოლო წესების გამოყენება თანმიმდევრული უნდა იყოს და პირობით ცვლილებებს არ უნდა ექვემდებარებოდეს.





