საქართველო-უნგრეთი

კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ანტალიაში შეხვდა.

"მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები" - წერია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. 

გუშინ თურქეთში გამართული დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ვიზიტისას კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც შეხვდა. 

მანამდე ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის 11-13 აპრილს თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა "დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" და ის უკვე მეოთხედ იმართება.

მათივე ცნობით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე მსჯელობენ.

ფორუმს ესწრება ივანიშვილის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები