ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნების წარმომდგენლები არიან "ეთნიკურად ქართველი რუსები", რომლებიც საქართველოს რუსეთის პირისპირ ტოვებენ და ამ ნაბიჯს "დამოუკიდებლობისა" და "სუვერენიტეტის" დაცვით ამართლებენ, სინამდვილეში კი სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ თავად აყენებენ.
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა TV ფორმულას ეთერში ილაპარაკა.
"რეალურად ესენი არიან ეთნიკურად ქართველი რუსები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ რუსეთის პირისპირ მარტოდ, იმის იმედით და აიმედებენ სრულიად ტყუილად, რომ ასე იქნება დაცული ჩვენი მშვიდობა, საუბრობენ რაღაც სისულელეზე - "არც რუსეთი და არც დასავლეთი, ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები", დათრეული აქვთ ეს სიტყვა, "დამოუკიდებლობა" და "სუვერენიტეტი", რომელიც ჩვენ მათ უნდა წავართვათ იმიტომ, რომ სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია ის, რასაც საფრთხის ქვეშ აყენებენ". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა ფილმთან, ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს!, დაკავშირებით განმარტა, რომ ქართულ ოცნებასთან ბოლშევიკების შედარებით ბოლშევიკური ტერორის გაფერმკრთალება არ სურს, თუმცა პარალელები ნათელია და ბოლშევიკების მმართველობაც მსგავსად დაიწყო. მანვე აღნიშნა, რომ ბოლშევიკები მმართველობის დასაწყისში ქართველებს დამოუკიდებლობის დაცვას ჰპირდებოდნენ.
"პარალელები იმდენად აშკარაა, კონტექსტს თუ აიღებ, ქართულ ოცნებასა და ბოლშევიკებს შორის... მე ის კი არ მინდა, რომ ბოლშევიკური ტერორი გავაბიაბურო, ჩვენ იქ ნამდვილად არ ვართ ჯერ, ოღონდ [...] ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ გვეჩვენებინა, რა გველის, იმიტომ, რომ ყველაფერი ასე იწყებოდა, სერგო ორჯენიკიძის ციტატა ხომ ნახეთ, გვპირდებოდა დამოუკიდებლობას, წითელი არმია დაიცავდა ქართველებს და ა.შ. და მერე გადავიდა უკვე ეს ყველაფერი ქართველების მასობრივ ჟლეტაზე". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლშევიკების რიტორიკა ქართული ოცნების მსგავსად უცხო ძალაზე ამახვილებდა ყურადღებას და მტრებსა და მეგობრებს შორის საზღვრის წაშლას ისახავდა მიზნად.
"ასევე ამ ფილმში ჩანს ის თემა, რომელზეც ხშირად აპელირებენ, 9 აპრილსაც ეს იყო თემა, რომ [...] უცხო ძალაა და ყველა არის უცხო ძალა, მეგობარია თუ მტერი, მნიშვნელობა არ აქვს, ის ხომ უცხო ძალაა და უცხო ძალა ყველა მტერია ან ყველა მეგობარია - გაბიაბურება, თეთრი და შავის არევა, რომ სიმართლე არ არსებობს და რომ ყველა ერთი ნაგავია და რომ უბრალოდ უცხოა - ამისი მცდელობაც ხომ ეს არის". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი რუსეთმა ყველანაირი პროვოკაციის გარეშე დაიწყო და მიზნად მხოლოდ ის ამოძრავებდა, რომ საქართველო სუვერენიტეტის გარეშე ყოფილიყო.
"აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ჩვენ რას ვაკეთებდით, ანუ? ჩვენ ნატოში შევდიოდით? [...] 9 აპრილი რატომ დაიწყო საერთოდ, 1989 წლის 9 აპრილი რატომ დაიწყო? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რუსები უკვე იწყებდნენ შენთან ეთნიკური უმცირესობების აფეთქებას იმისთვის, რომ შენთვის სუვერენიტეტი არ მოეცათ რეალურად. აფხაზეთის ომი რატომ დაიწყო? ნატოში მიდიოდა საქართველო? გაცხადებული ჰქონდა რამე? განაცხადი ჰქონდა შეტანილი? არა, ხომ? მაგიტომ არ დაწყებულა - იმიტომ [დაიწყო], რომ საქართველოს არ ჰქონოდა სუვერენიტეტი". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა განმარტა, რომ რუსეთის ეროვნულ ამოცანებში სსრკ-ს დროინდელი გავლენის აღდგენა შედის, რაც წარსულში საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების სუვერენიტეტს თავისთავად გამორიცხავს.
"რუსეთს აქვს თავისი ეროვნული ამოცანები, ეს ეროვნული ამოცანა არის გაცხადებული და მისი ეროვნული ამოცანა არის საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენა, ეს გამორიცხავს იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში შევდიოდით". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ 1991 წლის 31 მარტს დამოუკიდებლობას მხარი საქართველოს 90%-მა დაუჭირა, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც წინა არჩევნებზე კომუნისტურ პარტიას მისცა ხმა. ჩერგოლეიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ოცნების მხარდამჭერები დაინახავენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას, სტატუს კვოს მხარს აღარ დაუჭერენ. მანვე დაამატა, რომ ქართველებს "გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს".
ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი ყველანაირ კომენტარსა და თხრობას არის მოკლებული და მხოლოდ დოკუმენტურ, ფაქტობრივ მასალას ასახავს. მანვე ქართული ოცნების ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ "საქართველოს ცოდვაში ფეხი" არ ჩადგან და "არ გაბრიყვდნენ".
"31 მარტს ჩვენ ყველა ერთად ავდექით და წავედით - 90%, 10 ზრდასრული ქართველიდან 9 წავიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, აქედან დაახლოებით 30%-ს წინა არჩევნებში კომუნისტებისთვის ჰქონდა ხმა მიცემული, მაგრამ საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, ადგა და ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
დღესაც მჯერა მე, რომ ჩვენ თუ ამ ისტორიას წინ გამოვწევთ, ქართული ოცნების ლოიალისტები, სტატუს კვოს ლოიალისტები, რომლებმაც 26 ოქტომბერს ჯერ კიდევ ოცნებას დაუჭირეს მხარი, დარწუნებული ვარ, რომ თუ გაიაზრებენ იმას, რომ რეალურად ქვეყნის დამოუკიდებლობა დგას საფრთხის ქვეშ, რომ ამ სიტყვით, ნეიტრალიტეტით, "არც ის და არც ეს" - მათ ატყუებენ, რომ ამისი მაგალითები არსებობს. ამ მაგალითებს ჩვენ კი არ ვყვებით, გიორგი თარგამაძე, თამარა ჩერგოლეიშვილი ან ვინმე ისეთი, ვისაც არ აქვს საკამრისი რეპუტაცია, ამას ფაქტები და ჩვენი ისტორია ყვება. ფილმში, ხომ ნახეთ, არ არის საერთოდ არანაირი ჩვენი კომენტარი, არაფერი არ არის რეალურად, ფაქტობრივად ნარაციის გარეშეა მთელი ფილმი, გადაბმულია უბრალოდ ფაქტები ერთმანეთს, ფაქტები თავისას ლაპარაკობს.
მე მჯერა, რომ ქართველებს გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, ქართველებს გვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი და ეს ძალიან ნათლად გამოვხატეთ 1991 წლის 31 მარტს და ამის საფუძველზე აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა 9 აპრილს - ეს უნდა გავიხსენოთ ჩვენ ყველამ, რა გვაერთიანებს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ თუ იმას დაინახავენ, რაც გვაერთიანებს - ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებები, ფეხბურთის იქნება, კალათბურთის იქნება თუ რაც იქნება, რაც გვიხარია, ამ ქვეყნის ოქროს მედლები, რომლებსაც ოლიმპიური ჩემპიონი ჩვენი ფორმით მოიპოვებს. ვისთვისაც ეს ყველაფერი ძვირფასია, და მე ხომ ვიცი რომ "ქოცებისთვისაც" ძვირფასია, ისინი გონს უნდა მოეგონ და დროზე გამოეცალონ. ნუ ჩადგამენ ფეხს საქართველოს ცოდვაში, ნუ გაბრიყვდებიან, ნუ გააბრიყვებს მათ სტატუს კვო, ხელისუფლება, ნუ რჩებიან სტატუს კვოში". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
დღეს, 11 აპრილს, TV ფორმულას ეთერში გავიდა ფილმი, ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს!, რომლის ჩვენებაც მანამდე, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ პარტიამ, ფედერალისტებმა და ორგანიზაციამ, თავისუფლების ინსტიტუტმა გამართეს.
ფილმი შეეხება საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის.





